ტრენინგ-სემინარი — «მასწავლებლის პროფესიული ზრდა»

DSC050019სკოლებში სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ–ერთი უმთავრესი პირობაა პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ–ჩვევებს. მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების დადგენა და მასზე ოპერატიული რეაგირება სკოლაშივე უნდა მოხდეს, რის საშუალებასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული მოდელი – სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება – იძლევა.

ეს მოდელი გულისხმობს იმ საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთაც თავად სკოლა ახორციელებს. პედგოგები მუდმივად იღებენ კონსულტაციებს ცენტრის თანამშრომლებისგან  და შემდეგ ამ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს.

მე–5 საჯარო სკოლაში უკვე მეორე წელია მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი. ე. წ. „ შვიდკაცა“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების დადგენა და სკოლის დონეზე უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საკუთარი პროფესიული განვითარების დაგეგმვაში, წარმართვასა და შეფასებაში მასწავლებელთა მონაწილეობის ზრდა.

დღეს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრებმა კოლეგებს წარმოუდგინეს პრეზენტაცია ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებულ ცვლილებებზე, სწავლების ეფექტიან სტრატეგიებზე.

პრეზენტატორებმა (ნინო კილასონია, სალომე გუნია, ეკა გაბუნია, ნანა ფარულავა) მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარმოადგინეს მასალა, კოლეგებს მიაწოდეს  სასარგებლო რესურსები გაკვეთილის უკეთ და ეფექტიანად დაგეგმვისათვის. გაიმართა დისკუსია გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ვფიქრობთ, ეს დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენი სკოლის პედაგოგებს პროფესიულ სრულყოფაში.

შეხვედრა პროკურორთან

DSC049861საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის საფუძველზე ქალაქ ფოთის რაიონული პროკურატურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლობით სსიპ ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლექცია-სემინარი IX-X-XI კლასის მოსწავლეებისათვის, რომელიც მიეძღვნა მოზარდებში დანაშაულის პრევენციას. სემინარს ესწრებოდა ქალაქ ფოთის მთავარი პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე და რესურცენტრის წარმომადგენელი ლანა ტუღუში. მოსწავლეების წინაშე მოხსენებით წარდგა პროკურორი გიორგი მიქავა. ლექცია-სემინარმა ძალიან დააინტერესა მოსწავლეები და ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, განსაკუთრებით აქტიურები კი დაჯილდოვდნენ სპეციალური სიგელებით.

მასწავლებლის დღე

DSC048918

დღეს მასწავლებლის დღეა, ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ნელი გეგეშიძის საქველმოქმედო ფონდისა და ფოთის ნავსადგურის ინიციატივით კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო მიეძღვნა ჩვენი ქალაქის პედაგოგებს, იმათ, ვინც მართლაც იმსახურებს ყველა გულწრფელ მადლობას, ყველა თბილ სიტყვას, ყველაზე დიდ სიყვარულსა და დაფასებას… აღმოსავლური სიბრძნეა, ადამიანს ორი მუხლი იმიტომა აქვს, რომ ერთი პედაგოგის წინაშე მოიყაროს, მეორე-ექიმისაო, რადგან ერთი სულის მკურნალია, მეორე კი — ხორცისა…
მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. პედაგოგებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღესასწაული მიულოცეს: ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ, ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, ნელი გეგეშიძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა ალეკო დოლბაიამ, ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის უფროსმა მარიკა ნადარაიამ და პროფკავშირების ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინგა გვასალიამ. სამახსოვრო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცათ ჩვენი ქალაქის წლის საუკეთესო მასწავლებლებს. ნავსადგურის პირველი ხარისხის დიპლომი და 500 ლარი წილად ხვდა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს სალომე გუნიას, ნელი გეგეშიძის მე-3 ხარისხის დიპლომი და 200 ლარი გადაეცა ჩვენი სკოლის მათემატიკის პედაგოგს ლალი გიგიბერიას. სპეციალური დიპლომებითა და 100-100 ლარით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები, თალიკო კვარაცხელია და სვეტლანა ოკუჯავა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიპლომი გადასცა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ეთერ ადამიას, ხოლო პროფკავშირმა ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა ქიმიის პედაგოგი მარინა მიმინოშვილი.
დასასრულ, მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა ფოთის დრამატულმა თეატრმა და წარმოადგინა ფოთელი სცენარისტის, მე-5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის დათო გაბუნიას პიესა «holand, holand», სადაც მთავარ როლებში მონაწილეობდნენ, ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, გია სურმავა და ნინო პაჭკორია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო მასწავლებლებო…

ჩვენი ოლიმპიელი

1979121_694325130651816_7910028241354069197_oეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან ხორციელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ 200 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დააჯილდოვეს.

გამარჯვებულთა შორის იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული თამარ ჯიბუტი (ქართული ენა და ლიტერატურა — I ადგილი), რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადასცა დიპლომი და 1000 ლარიანი ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი. მადლობის სიგელი გადაეცა თამარ ჯიბუტის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ეთერ ადამიას.

ჩვენი ქალაქიდან კიდევ ორი მოსწავლე დაჯილდოვდა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სსიპ ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ანთაძე (ქართული ენა და ლიტერატურა — I ადგილი) და სსიპ ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამრიკო ჩხენკელი (ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი) — II ადგილი).

ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას…

კანკური

DSC042111დღეს, 27 სექტემბერს ქალაქ ფოთის, ვალერიან მაქაცარიას სახელობის ჰიპოდრომზე გაიმართა მისივე სახელობის ტურნირი კანკურში. ასპარეზობაში ორი ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა, 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ ასაკის ცხენოსნები. პირველ ასაკობრივ ჯგუფში ჩვენი სკოლის მე-8გ კლასის მოსწავლე თამარ რუხაძე გამოდიოდა. მან დამაჯერებლად იასპარეზა და რთულ ორთაბრძოლაში დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას.

იხ. ვიდეო>>

მოსწავლეთა თვითმმართველობა

DSC040771დღეს, 26 სექტემბერს ჩატარდა სკოლის თვითმმართველობის არჩევნები. მონაწილეობას იღებდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ორივე საფეხურიდან უნდა აგვერჩია თითო თითო გამარჯვებული. საბაზო საფეხურიდან წარდგენილნი იყვნენ: 1. დიანა ხარჩილავა ( VII კლასი) 2. თამარ ცხვარაძე (VII კლასი) 3. ქეთევან სახურია ( VIII კლასი) 4. ანა საჯაია ( VIII კლასი) 5. ამანდა კაპანაძე ( VIII კლასი) 6. მარიამ ზამთარაძე ( IX კლასი) საშუალო საფეხურიდან წარდგენილნი იყვნენ: 1. მაკუნა ჭურღულია ( X კლასი) 2. მარიამ კილასონია ( X კლასი) 3. ნინო გოგოძე ( XI კლასი) 4. თამარ ქაჯაია ( XI კლასი) კანდიდატებს უნდა მოემზადებინათ წინა საარჩევნო პრეზენტაცია სადაც ისინი ისაუბრებდნენ თუ რა ღონისძიებებს განახორცილებდნენ არჩევის, გამარჯვების შემთხვევაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებმა მართლაც საინტერესო პრეზენტაციები მოაწყვეს, წამოაყენეს საიტერესო წინადადებები რომელიც აუცილებლად განხორციელდება. პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებს დაურიგდათ ორი სხვადასხვა ფერის ფურცელი, სადაც უნდა დაეწერათ სასურველი კანდიდატის ნომერი. შედეგები კი ასეთი გახლავთ: საბაზო საფეხურის თავჯდომარედ მარიამ ზამთარაძე აირჩიეს , ხოლო საშუალო საფეხურის თავჯდომარედ კი თამარ ქაჯაია.

კვლავ აწკრიალდა სკოლის ზარი…

DSC03447ახალი შემართებით, ახალი იმედებით, ახალი გამოწვევებით ხვდება ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლა 2014-2015 სასწავლო წელს. ტრადიციულად სკოლის ეზოში გაიმართა საზეიმო მიტინგი. ახალი სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა სკოლის დირექტორმა — კობა სამურკასოვმა. მან მოკლედ ისაუბრა გასულ სასწავლო წელს მიღწეულ წარმატებებზე და იმ სიახლეებზე, რომლებითაც სკოლა ხვდება ახალ სასწავლო წელს. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი და საკრებულოს წევრი პაატა ჩაგანავა, მე-12 კლასის მოსწავლე ანა დამენია. დასასრულ კი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.
გ ი ლ ო ც ა ვ თ სასწავლო წლის დაწყებას.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.662893490474244.1073741909.139443816152550&type=1

ვინ უკეთ იცის ქართული?

IMG_1382.JPG.კიდევ ერთი ღონისძიება ჩაატარა ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (კათედრის ხელმძღვანელი: მაია გვიჩია).

ამჯერად მე-8 და მე-9 კლასები შეეჯიბრნენ ერთმანეთს ქართული ენის ცოდნასა და სიყვარულში. კონკურსში მონაწილეობდნენ მე-8ა კლასი (გუნდი «ტრიუმფი»), მე-8ბ კლასი (გუნდი «სპეკალი»), მე-8გ კლასი (გუნდი «ბინული»), მე-9ა კლასი (გუნდი «ანდამატი»), მე-9ბ კლასი (გუნდი «არმაღანი»), მე-9გ კლასი (გუნდი «ნეკერი»).

მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ანდაზების დასრულებაში, ბარბარიზმებისა და ნასესხები სიტყვების განმარტებაში, ტექსტში მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, სტილისტური და პუნქტუაციური შეცდომების გასწორებაში. ბოლოს კი გუნდების კაპიტნები წარდგნენ ჟიურის წინაშე და 5-5 კითხვას უპასუხეს.

ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულებიც გამოავლინა: მე-8 კლასებს შორის პირველი ადგილი 53,5 ქულით დაიკავა მე-8ა კლასმა (პედაგოგი ნინო კილასონია), მეორე ადგილი მე-8ბ კლასმა ხოლო მესამე ადგილი მე-8გ კლასმა. მე-9 კლასებს შორის პირველი ადგილი 49 ქულით დაიკავა მე-9გ კლასმა (პედაგოგი ლეილა ხონელიძე), მეორე ადგილი მე-9ა კლასმა და მესამე ადგილი მე-9ბ კლასმა. კაპიტნების კონკურსში პირველობა არავის დაუთმო მე-8გ კლასის მოსწავლემ მირიან სილაგაძემ, რომელმაც 5 კითხვიდან ხუთივეზე სწორად გასცა პასუხი.

კიდევ ერთი დღე დასრულდა. დღე, როცა შეძლებისდაგვარად მოვეფერეთ დედაენას, ვეცადეთ, ბინულივით სპეტაკი და შეურყვნელი ყოფილიყო ჩვენი სამეტყველო ენა, როგორც ოტია იოსელიანი იტყოდა: დედაენას საიდანან ქარი დაუბერავს, იქიდან უნდა მოეფეროო. დღევანდელი დღის მონაწილეებმა სცადეს კიდევ ერთხელ დადგომოდნენ მშობლიურ ენას ერთგულ გუშაგად, ეგრძნოთ თავიანთი წელი პასუხისმგებლობა დედაენის მოვლა-პატრონობის, მასზე სათუთად ზრუნვის საქმეში, მიმხვდარიყვნენ, რომ თურაშაულის პატრონები ტყეში პანტას არ უნდა დავეძებდეთ და იმ ენას, რომელშიც «სიტყვა გინდა?! მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა», ჩვენი ერთბულება, სიყვარული და პატივისცემა თუ გადაარჩენს შერყვნა-წაბილწვისაგან, ერს კი — გადაგვარება-გადაჯიშებისაგან.

14 აპრილი — დედა ენის დღე

მიმდინარე წლის 14 აპრილს, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა ჩვენს სკოლაში.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს ქართული ენის დიდი მოამაგის წმინდა ილია ჭავჭავაძის ძეგლი.
ბავშვებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს ქართული ენის პედაგოგმა მაია გვიჩიამ და დირექტორის მოადგილემ ნინო კილასონიამ.
ჟრიამულობდნენ პატარები, ხმაურობდა ქართული სული, ქართული სისხლი.

რევაზ სანაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

IMG_1359.დასრულდა რევაზ სანაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობდნენ ქალაქ ფოთის საჯარო სკოლების გუნდები. ჩვენი სკოლის ღირსებას იცავდნენ: ოთარ პერტაია (გუნდის კაპიტანი), ირაკლი ჩალიგავა (მეკარე), თამაზ შალიკაშვილი, ოთარ მუმლაძე, გიორგი ბოკუჩავა, ოთარ კაშიბაძე, საბა გვასალია, გიორგი კუჭავა (მწვრთნელი — ზვიად ნოდია). მათ ფინალამდე 3 გუნდის (N4, N6, N7 საჯარო სკოლა) დამარცხება შეძლებს და ფინალში დაუპირისპირდნენ ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდს, რომელიც დაამარცხეს ანგარიშით 6 — 2 და პირველი ადგილიც დაიკავეს. საუკეთესო მეკარედ ირაკლი ჩალიგავა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად თამაზ შალიკაშვილი დასახელდა.
მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის ფეხბურთელებს!